ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
"ვარსკვლავებით მოჭედილი ცა"
"ვარსკვლავებით მოჭედილი ცა"
გაკვეთილის ჩატარების დღე: 7 ოქტომბერი 2014 წელი
სკოლა: 181-ე საჯარო სკოლა
კლასი: II კლასი
მასწავლებელი: მაია ბაქრაძე
საგანი: ქართული ენა, ბუნებისმეტყველება.
ძირითადი თემა: ნ. შატაიძის „ცა“ ; ბუნებრივი მოვლენები
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით:
· მოსწავლე შეძლებს მცირე ზომის ტექსტის წაკითხვას, შინაარსის გაგებას და დამოკიდებულების გამოხატვას;
· მოსწავლე შეძლებს მოსმენილ ან წაკითხულ ტექსტზე ნახატის შექმნას;
· მოსწავლე შეძლებს აღწეროს სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენის გამომწვევი მიზეზი.
საკვანძო მეთოდები / სტრატეგიები:
· ასოციაციური რუკა;
· გონებრივი იერიში.
· ინდივიდუალური დავალება ;
- საკლასო დისკუსია;
- მინი-ლექცია;
- სლაიდ-შოუ;
- სავარჯიშო ბუკებში.
ძირითადი სასწავლო რესურსები: თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ბუკები, მომზადებული სლაიდ-შოუ, ბუკებში შესასრულებელი სავარჯიშო.
გაკვეთილის შედეგები: მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. გაკვეთილის მიზნებს გაკვეთილის დასაწყისში გაეცნენ მოსწავლეები. აქტივობები ერთმანეთთან კარგად იყო დაკავშირებული.
მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისში უნდა შეევსოთ ასოციაციური რუკა. მათ ამ დავალებას წარმატებით გაართვეს თავი, რამაც უზრუნველყო მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცეში.
პირველ აქტივობაში გამოვიყენე სლაიდ-შოუ, რომელიც მომზადებული იყო ნ. შატაიძის მოთხრობის მიხედვით. მოსწავლეები სლაიდ-შოუს თავიანთ ბუკებში ხედავდნენ. სლაიდ-შოუს მიმდინარეობისას რამოდენიმე მოსწავლემ გაგრძელების პრინციპით წაიკითხა მოთხრობა „ცა“ ბუკში. აღნიშნულმა პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, რადგან იგი მომზადებული იყო მოთხრობის სიუჟეტის მიხედვით არჩეული სურათებით. მოსწავლეები ხალისით კითხულობდნენ ტექსტს. მოსწავლეები შევაფასე განმავითარებელი შეფასებით. კლასმა მეტნაკლებად კარგად გაართვა თავი დავალებას. მიზნად დავისახე მოსწავლეებში კითხვის უნარების გაუმჯობესება.
შემდეგი აქტივობისათვის მოსწავლეებს ბუკებში გადაუგზავნე სავარჯიშო, მათ უნდა შეედგინათ წინადადებები. კლასის ძირითადმა ნაწილმა დავალებას კარგად გაართვა თავი, მხოლოდ რამოდენიმე მოსწავლემ ვერ შეძლო დავალების დავალებისთვის განკუთვნილ დროში დასრულება, რისთვისაც მათ დამატებითი დრი მივეცი.
მოსწავლეებს ასევე ვაჩვენე სლაიდ-შოუ ბუნებრივი მოვლენების შესახებ მინი-ლექციის თანხლებით, ამავდროულად ისინიც ხალისით ჩაერთნენ დისკუსიაში, მოგვაწოდეს ბუნებრივი მოვლენების გამომწვევი მიზეზების შესახებ მათთვის ცნობილი ინფორმაცია და ასევე საკუთარი აზრი აღნიშნული საკითხის შესახებ.
ბოლო აქტივობა მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა, კლასს ვთხოვე დაეხატათ ცისარტყელა, რაც მათ სიამოვნებით და სწრაფად შეასრულეს. ბოლოს მოვაწყეთ საერთო პრეზენტაცია, მოსწავლეებმა საკუთარი ნახატები მაღლა ასწიეს, ასე რომ ყველამ ერთად გააკეთა თავისი ნახატის პრეზენტაცია. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მივეცი დავალება სახლში შეექმნათ ნასწავლი მოთხრობის ილუსტრაცია, ხოლო თვითონ მოთხრობა კითხვით ესწავლათ.
გაკვეთილისათვის განკუთვნილ დროში ჩავეტიე. გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გამოვიდა. ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიე. მოსწავლეებიც და დამსწრე პედაგოგებიც კმაყოფილნი დარჩნენ.
თარიღი: 7 ოქტომბერი
ხელმოწერა: /მ. ბაქრაძე/
No comments:
Post a Comment